„კეთილი ფეოდალების“ ბიუროკრატიული კარუსელი, ანუ ახალბაღისა და ფსევდოკონსულტაციების ისტორია

3382

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი

ახალბაღი, მე-19 საუკუნის ბოლოდან, ქალაქ გორის მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი დასვენების და გართობის ადგილია. მისი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოხდა. ამ საქმეში დიდი წვლილი ივანე ამილახვარსაც მიუძღვის და ამიტომაც მას 1904 წელს ქალაქის გამგეობამ „ამილახვრის ბაღის“ სახელი მიანიჭა (ე. მამისთვალაშვილი გორის ისტორია ტ II გვ 68).

ახალბაღმა თავის თავზე გადაიტანა ის ლხინი და ჭირი, რაც საუკუნის განმავლობაში – ქალაქმა და დღევანდელ სახეს თუ შევხედავთ, უფრო ჭირი. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ აქ დაეცა გორში ჩამოგდებული ერთადერთი ბომბი, მაგრამ განსაკუთრებით გამანადგურებელი 90-იანი წლები იყო, ამ დროს დაიწვა ორი  ძველი შენობა: ცირკი და პარკის ყველაზე ძველი ნაგებობა – საზოგადოებრივი საკრებულო, რომელსაც კომუნისტების პერიოდში კულტსახლს ეძახდნენ, გაიძარცვა ნიკო ლომოურის საფლავზე დადგმული ძეგლი, რომელიც, “წინდაუხედავი” ავტორის ხედვით, სპილენძით იყო დაფარული. უდიდესი დანაკლისი მცენარეულმა საფარმა განიცადა, ქალაქში ბუნებრივი აირის არქონას შეეწირა ხეების დიდი უმრავლესობა; მოძველდა ატრაქციონები და ბევრი მათგანი, რბილად რომ ვთქვათ, უსაფრთხო არაა.

საზოგადოებრივი საკრებულო
საზოგადოებრივი საკრებულო

ფაქტია, ბაღი საფუძვლიან შეკეთებასა და განახლებას საჭიროებს და მთავრობამაც მოიცალა ამისთვის.

მაგრამ ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ, ისევ ფართო განხილვის გარეშე მიიღება გადაწყვეტილებები, ისევ თვლიან, რომ ყველაზე ჭკვიანი და პატრიოტები არიან; ალბათ, საკუთარი ღირსების შელახვად აღიქვამენ სხვების მოსაზრებების მოსმენას... და ტრიალებს გაუთავებლად ბიუროკრატიული კარუსელი.

ახალბაღის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს; გაუგებარია რატომ, როდესაც თვითმმართველობა გვყავს, მაგრამ ჯანდაბას – კარგი საქმე გააკეთონ. 

შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ მოხდა პრობლემის შერჩევა და საზოგადოებასთან კონსულტაცია, შესაბამისი წერილითაც მივმართეთ ფონდს, მაგრამ მეორე თვეა, პასუხს უშედეგოდ ველით. სატენდერო დოკუმენტების ქექვისას აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, გამართულა „საჯარო კონსულტაცია“ და ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელეს,

როგორც დოკუმენტში წერია, „თარიღთან/დროსთან და (ონლაინ) ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგფ- ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა. განცხადებები განთავსდა ქალაქ გორის მერიის ოფისში და ახალბაღის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ (სამწუხაროდ ქალაქ გორის მერია უკვე აღარ არსებობს).

როგორ ფიქრობთ, რამდენი გორელი ამოწმებს სიახლეებს მგფ-ს ვებ გვერდზე? ან ონლაინ კონსულტაციის შესახებ ინფორმაციას ვინ ავრცელებს ნაბეჭდი სახით დისტანციურად მომუშავე დაწესებულებაში? რაც შეეხება ახალბაღის მიმდებარედ ფურცლების გაკვრას, ვიკითხე ბაღის მეზობლად მცხოვრებ ადამიანებთან და არ უნახავთ.

ამ დროს ფეისბუკში ქალაქ გორთან დაკავშირებით შექმნილია 6 საჯარო ჯგუფი, სადაც, საერთო ჯამში, 120 000-ზე მეტი წევრია რეგისტრირებული; ამავე დროს, ქალაქში 30-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მოქმედებს. ეს რესურსი არ გამოუყენებიათ და სინანულით აღნიშნავენ რომ: „შეხვედრის დაწყებისას Facebook-ში ძალიან შეზღუდული რაოდენობის პირი შემოვიდა“

რაც შეეხება კონსულტაციაში მონაწილე პირებს – 9 მონაწილიდან მინიმუმ 6 მერიის თანამშრომელია, 1 გუბერნატორის აპარატის.

ამ დროს ქალაქი ჭორებითა და მითქმა-მოთქმით ივსება. თითქმის არავინ იცის, რა უნდა გაკეთდეს ბაღში, ზოგი კერძო ინტერესებს ხედავს და ზოგიც – აღტაცებულია. სინამდვილეში ძალიან ცოტა ადამიანია საქმის კურსში.

ახალბაღის პროექტის საჯარო ონლაინ-განხილვა

ჩემთვის კი გაუგებარია, რატომ იქმნიან ცარიელ ადგილზე პრობლემებს, ასეთნაირი კონსულტაციის გამართვა უფრო მოვალეობის მოხდა და გრაფაში „პტჩკის“ დასმაა, ვიდრე რეალური ინფორმაციის გავრცელება. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი მოქმედებები იწვევენ მოქალაქეებში უკმაყოფილების ზრდას, ერთნი უფრო მეტს მოელიან და შესრულებულით უკმაყოფილონი არიან, ხოლო მეორენი სხვას მოელიან და სხვას მიიღებენ, რაც, ასევე, უკმაოფილების მიზეზია. საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რაც უკვე არაერთხელ მიგვიღია: დაიხარჯება ფული რეალური პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მოქალაქეები ისევ უკმაყოფილონი იქნებიან, ჩათვლიან თავსმოხვეულ ქმედებად, გადაწყვეტილების მიღებაში თავის ადგილს ვერ დაინახავენ და, შესაბამისად, ვერც მესაკუთრედ და პატრონად აღიქვამენ თავს და არც გაუფრთხილდებიან შექმნილ სიკეთეს.

ახლა რაც პროექტს შეეხება:

ბევრი ძებნისა და დოკუმენტებში ქექვის შემდეგ ასე თუ ისე შეგვექმნა წარმოდგენა დაგეგმილ საქმიანობაზე. სამწუხაროდ, მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. წარმოდგენილი პროექტი, ფაქტიურად, შემორჩენილი ნაგებობების რემონტი და მწვანე საფარის აღდგენაა; სიახლეა სკეიტპარკი და ფამფტრეკი. უნდა გარემონტდეს კაფე „ოდესა“, რომელმაც გორელებს თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ 2 კასრი ხიზილალა გადაყარეს ლიახვში რევიზიის გამო. მისი გარემონტება, ალბათ, საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის გარეშეც შეიძლებოდა, ისევე, როგორც კოლონადის, რომელიც ბაღის ქვედა შესასვლელშია და უფრო მიმდებარედ მშენებარე სასტუმროსთვისაა საჭირო, ვიდრე ბაღისთვის.

საერთოდ არაფერია გათვალისწინებული განადგურებული ნაგებობების აღსადგენად; ამ დროს, ეჭვი მაქვს, ნამდვილი საჯარო განხილვა რომ გამართულიყო, პროექტი ბევრად განსხვავებულ სახეს მიიღებდა და ცვლილების თუნდაც ერთი შემთხვევა ბევრად აამაღლებდა მოქალაქეების კმაყოფილების დონეს და მონაწილეობის შეგრძნებას მათში. ერთში დარწმუნებული ვარ, ნორმალურ განხილვაზე გაცილებით მეტი კითხვა დაისმებოდა და შენიშვნა გამოითქმებოდა, ვიდრე 4 კითხვაა, რომელიც ჩატარებულ კონსულტაციაზე დაისვა და მათგან ერთი საერთოდ არ ეხებოდა პროექტს.

რომ განვაზოგადოთ, ერთი რამ ცხადია, შეგნებულა თუ ინტუიტიურად მმართველი ძალა (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი) ცდილობს იზოლირებულად, ჩუმად მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს „კარგი“ საქმე და შემდეგ, როგორც წესი, არჩევნების წინ, მადლი მოიღოის და კეთილი ფეოდალის გამომეტყველებით გადასცეს ქვეშევრდომებს. აღარც შუა საუკუნეებია და მინიმუმ არც მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, მსოფლიო შეიცვალა, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ მართვის პრივილეგია ღვთიური მადლი კი არა, დაქირავებული სამსახურია, სადაც დამქირავებელი მოქალაქე უნდა იყოს და ამაში იგი ფულსაც იხდის.