საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, სახელისუფლებო შეზღუდვების უმეტესი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.
საქმე ეხება პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გაასაჩივრა, რომლითაც ხელისუფლებას მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონში შეტანილი ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.
დანარჩენი 4 სარჩელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონის შესახებ 45-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილებას კოლეგიის მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ და ხვიჩა კიკილაშვილმა დაუჭირეს მხარი. კოლეგიის მეოთხე მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ არ გაიზიარა სასამართლოს გადაწვყეტილება და განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა.
“ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე”, – წერს მოსამართლე კვერენჩხილაძე, – “მსგავსი დელეგირება უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განუხორციელებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და მასში განმტკიცებულ ძირითად პრინციპებთან”.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს დაამტკიცა.