ჯავისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ქართულნომრიანი მანქანების რეგისტრაციის უფლება მისცეს, – ამის შესახებ განცხადებას დეფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, საკითხის განხილვა გასულ წელს დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ახლახანს მიიღეს.
ამ უფლებით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა უწევთ.
“ჩვენი რესპუბლიკის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არა აქვთ, ამიტომ ახალგორისა და ჯავის რაიონში მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით შესვლას. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით და ვცდილობთ, გავუადვილოთ პირობები,” – აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯავისა და ახალგორის რაიონის ის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შესვლა სურს, უფლება აქვთ 1 ივლისამდე საბუთები წარადგინონ და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულნომრიანი მანქანების გადაადგილების უფლება მოიპოვონ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 4 სექტემბრიდან, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ჩორჩანა-წნელისის კრიზის გამო, გამშვები პუნქტები ჩაკეტა. ამ ხნის მანძილზე, ახალგორისა და პერევის მიმართულებით მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
2021 წლის თებერვლიდან დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ხელჩუა-ზარდიანთკარის საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.