გორის კეთილმოწყობის სააგენტოში 270 თანამშრომელს დაკითხავენ – სამიზნე ხოჯევანიშვილის კურსელია

803

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაინტერესდა იმ ფაქტით, თუ ვინ მუშაობდა ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოში” ისე, რომ სამსახურში არ დადიოდა, თუმცა ხელფასს იღებდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ეს ინფორმაცია იმ თანამშრომლებმა გაამჟღავნეს, რომლებიც უკვე დაკითხეს.

როგორც სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე ადასტურებს, საგამოძიებო სამსახური ფინანსური დოკუმენტაციითაც დაინტერესდა, ოღონდ იმ პერიოდის დოკუმენტებით, როდესაც სააგენტოს მისი წინამორბედი, ბაჩანა გვიანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ბაჩანა გვიანიშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ის მას შემდეგ დაინიშნა, როდესაც რეგიონის გუბერნატორად, 2019 წლის 12 აგვისტოს, გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა.

2021 წლის მარტიდან კი, გვიანიშვილი სააგენტოს ჩამოშორდა. ის ხოჯევანიშვილის კურსელია, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება სწორედ მის გამო დაინტერესდა სააგენტოს ფინანსური მდგომარეობით.

ხოჯევანიშვილი ამჟამად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება ბაჩანა გვიანიშვილს, მან 2021 წლის აპრილში, ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიაც დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს. მიუხედავად მისი ამ განცხადებისა, ხელისუფლება ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოს” ფინანსური მდგომარეობით მაინც დაინტერესდა.

ფაქტის შესახებ გახარიას გუნდში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება გორის კეთილმოწყობის სააგენტოს, აქ თანამშრომლების რაოდენობა 270-ს აღწევს. ეს ინფორმაცია 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა.