გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლოების ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზი დაგროვილი დავალიანებაა, რომელსაც მოსახლეობა არ იხდის. ” ნუთუ ძნელია გაიგოს და შეიგნოს ადამიანმა,რომ როცა ხარჯავ, უნდა გადაიხადო და სხვას არ უნდა დააწვე ტვირთად”. ამ თემაზე რადიო მოზაიკა წერს.
“ეს საკითხი იოლად მოსაგვარებელია, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სულ მცირე მონდომებას გამოიჩენს და “ბირჟაზე” ,,სემიჩკის,, კნატუნის ნაცვლად დაივლის უბან-უბან და ან თანხის გადახდის გამო შეაწუხებს ურჩ გადამხდელებს, ან/და კერძო გამრიცხველიანობის სიკეთეს გამოიყენებს და შეუწყვეტს წყლის მიწოდებას, თუმცა ამ უკანასკნელი ღონისძიების განსახორციელებლად საკრებულოს დადგენილებაა საჭირო და სოფლის ეგრედწოდებული დეპუტატ-წარმომადგენელიც იმისათვისაა საკრებულოში, რომ ასეთი საკითხები გაიტანოს, თუმცა ამას ცოდნასთან ერთად სხვა წადილი სჭირდება კიდევ… ამიტომ სოფელიც იმსახურებს იმას, ვისაც ეს მანდატი ანდო”, – ამბობენ მეჯვრისხეველები.
მერის წარმომადგენლი მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ნარიკაშვილი ამბობს, რომ წყალი დაახლოებით 350 ოჯახს არ მიეწოდება.
“მრიცხველები რომ დამონტაჟდა, ცოტა ხნით გამოსწორდა სიტუაცია, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ზოგიერთმა ოჯახმა საფასურის გადახდაზე უარი თქვა და დაგროვდა დავალიანება. ახლა ის ოჯახებიც, რომლებიც სასმელი წყლის გადასახადს პირნათლად იხდიან წყლის გარეშე დარჩნენ. სექტებრის და ოქტომბრის დავალიანება აქვთ გადასახდელი. დავალიანება არის დაახლოებით 1500 ლარამდე. ნოემბრის ქვითრებიც დავურიგე ყველას და ამბობენ გადავიხდითო”, – ამბობს ნარიკაშვილი.
მეჯვრისხევში წყლის მრიცხველები მიმდინარე წელს დამონტაჟდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს ინდივიდუალური მრიცხველები აქვთ და გადაუხდელობის შემთხვევაში წყლის მიწოდება ერთ კონკრეტულ აბონენტს უნდა შეუწყდეს, ამის განხორციელება ვერ ხერხდება.
“ერთი წელია ვითხოვ, რომ რომელიმე წყლის კომპანიამ ჩაიბაროს, რომ მიაქციოს ყურადღება, საკუთარ აბონენტებად აიყვანონ ოჯახები და ყველას ჰქონდეს საკუთარი ნომერი, რომელზეც ჩარიცხავენ გადასახადს და შესაბამისად გადაუხდელობის შემთხვევაში, გაეთიშოთ. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, რომ ვინმეს წყალი გადავუკეტოთ. იმედია, რომ ეს საკითხი მოგვარდება და რომელიმე კომპანია აიღებს თავის თავზე”, – გვითხრა გიორგი ნარიკაშვილმა.