გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადი ხელზე გადაახდევინეს. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინაც იყო მოსული ფულის ამკრეფი და თანხა შეაგროვა, მე რაც მქონდა დახარჯული გადავიხადე, არ ვიციდი თუ მთავრობას ამაზეც ჰქონდა დაწესებული შეღავათი”, – ამბობს გრუნია ტროტაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელში წყლის გადასახადის ქვითრები რამდენიმე დღის წინაც დაარიგეს და ასევე მიიღეს ესემეს შეტყობინებები დასუფთავების თანხის გადახდის თაობაზე.
როგორც ბეთლემში ამბობენ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კორონა პანდემიის გამო, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები სასმელ წყალზე და დასუფთავებაზეც ვრცელდებოდა.
როგორც საკრებულოს წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, ბეთლემის მსგავსად, წყლის და დასუფთავების გადასახადს გორის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში ისევ იხდიან და მთავრობის დადგენილება არ მოქმედებს.
“იმის მიუხედავად, რომ პანდემიაა და ხალს უკიდურესად უჭირს, მერიამ არ მოახდინა წყლის და დასუფთავების გადასახადის სუბსიდირება. მე ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზეც დავაყენე და მითხრეს, რომ ბიუჯეტს არ აქვს ამისთვის სახსრები”,- განაცხადა ქორჩილავამ.
რაც შეეხება მერიას, კონსტანტინე თავაზრაშვილის უწყებაში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებეს არ აკეთებენ.
მთავრობის 2020 წლის 3 აპრილით დათარიღებული დადგენილების თანახმად, 3 თვის განმავლობაში დენზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე შეღავათები დაწესდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 701 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.