ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა

655

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა. გეგმის განხილვა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის მოეწყო.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

„მონაწილეებმა ბორჯომისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები, ასევე გამოკვეთილია ის ტიპიური ბიზნესები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია რეგიონში. COVID-19 პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი გახდა, მისი ასახვაც მომხდარიყო აღნიშნულ დოკუმენტში. თემას ერთი ქვეთავი დაეთმო – „COVID-19-ოს შედეგად შექმნილი ახალი რეალობა და საჭირო ქმედებებს.“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის (EU) დაფინანსებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.