ბოლნისის მერი: სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება აქტიურად გრძელდება

571

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტებმა 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. 304 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი 45 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას. გუშინ სოფლიდან აღებული 130 ნიმუშის პასუხს ელოდებიან, დღეს კი მედიკოსებმა სულ 85 საკვლევი მასალა აიღეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 151 შეადგინა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 66 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

,,მუშევანში PCR ტესტებით მოსახლეობის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ მედიკოსებმა სოფლიდან 130 ბიოლგიური ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხებსაც ამ დრომდე ველოდებით. სოფელში სტაბილური სიტუაციაა, მოსახლეობისგან ნიმუშების აღება ეტაპობრივად ხდება. დღეს სოფელში ლუგარის კვლევითი ცენტრის სპეციალისტები კვლავ იმყოფებიან, რომლებთან ერთად ჩვენ სამოქმედო გეგმაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 713 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 475 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.