ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რაიონს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

378

13 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტად დასაახლოებლად და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გოიგოლის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თურანი ალიევმა მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/რაიონის, კულტურის, ტურიზმის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, გამწვანების, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვთან.

დღეს კი, საქართველოს დელეგაციის წევრები, შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქერიმოვსა და მილი მეჯლისში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან არზუ ნაგიევთან.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რიონთან მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოებას და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები წარმოადგენენ, ჩვენ ერთ სივრცეში, მრავალი წელია, ჰარმონიულად თანაცხოვრობთ, ერთად ვიღწვით უკეთესი საქართველოს მომავლისთვის და ვფიქრობ, ახალი ურთიერთობები ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.