რეხვიაშვილი: ქვემო ქართლის რეგიონში საკარანტინო შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება

824

ქვემო ქართლის რეგიონში საკარანტინე შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება, თუმცა თეთრიწყაროში შესაძლოა, საკარანტინე რეგულაციები უახლოეს პერიოდშიც მოიხსნას, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები 14 სოფელსა და თამარისის თემში უკვე მოხსნილია.

„ბოლნისში, გუშინ სოფელ მუშევანიდან დამატებით 130 საკვლევი მასალა აიღეს, სრულად ველოდებით 150-ზე მეტ მასალას და დღის ბოლომდე გვექნება მათზე პასუხები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თამარისის თემში და 14 სოფელში დღეიდან მოიხსნა საკარანტინე შეზღუდვები. აღნიშნული სოფლების მოსახლეობა დღეიდან თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს მასშტაბით. არსებული დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უახლოეს დღეებში გაფართოვდეს შეზღუდვების მოხსნის არეალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში შეზღუდვები მოიხსნას. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება მუშევანში და გეტაში, ასევე თეთრიწყაროში, თუმცა თეთრიწყაროშიც დამაიმედებელი პროგნოზია, ეს დღეები სტაბილურად მიმდინარეობს, დინამიკა არ იცვლება. უახლოეს პერიოდში ალბათ დავუბრუნდებით თეთრიწყაროს დასახლებებში და ქალაქში საკარანტინე რეგულაციების მოხსნას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.