რუსთავის მერია 20 ათასზე მეტ მოქალაქეს სურსათით, მედიკამენტებითა და ჩვილ ბავშვთა საკვებით დაეხმარა

1128
რუსთავის მერია

რუსთავში სოციალური პროექტები, რომლებიც პანდემიის პირველივე დღეებიდან ამოქმედდა, დღემდე გრძელდება.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს – საკვები პროდუქტის კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება. მერიის ქოლ ცენტრში ყოელდრიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში, დაახლოებით, 500 ბენეფიციარს პასუხობს.

მათივე ცნობით, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები ყოველდღიურად, დაახლოებით 300 ოჯახს უწევენ მომსახურებას. პროდუქტების განაწილების პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირადად ესწრება.

„მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ყოველდღიურად ხდებოდა მოსახლეობის საჭიროებების გაანალიზება, შესაბამისად გაჩნდა პროგრამები, როგორც საკვები პროდუქტით, ისე მედიკამენტებით და ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინტერნეტის პრობლემაც. დისტანციური სწავლის პროცესში, ხელი რომ აარ შეშლოდათ ბავშვებს, ეს პროგრამაც ავამუშავეთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ზარები ცხელ ხაზზე კლებულობს. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ პროგრამებს და მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც დახმარება ამ ეტაპზეც სჭირდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მერიის ინფრმაციით, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტები 20 000 -ზე მეტ რუსთაველ ოჯახს შეეხო. პროდუქტის კალათა 18 757 ბენეფიციართან, მედიკამენტები 1200 , ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი კი 150 -ზე მეტ ოჯახშია მიტანილი. ამოქმედებულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს და პირველ ეტაპზე, მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ეს პროექტი, 600-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს შეეხება. აღნიშნული სოციალური პროგრამები, მერიის სარეზერვო ფონდიდან და კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.