ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მსგავსად, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება. როგორც შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოვიდ-19-ის შემთხვევები მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში ფიქსირდება და იქაც ეს პროცესი კონტროლირებადია.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმები, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტები გაუქმდა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა. მარნეული კოვიდ 19-ის პირველი დადასტურებული ფაქტის შემდეგ 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება.
ამ ეტაპზე, კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 695 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.