მარნეულში კარანტინი გაუქმდა და მუნიციპალიტეტი გაიხსნა

839

დღეიდან მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ, იმ რეგინებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს.

არსებული ყველა ბლოკპოსტის დემონტაჟი წუხელ განხორციელდა. დემონტაჟის პროცესი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განახორციელეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

“საკარანტინე შეძრუდვების პერიოდი დასრულდა მარნეულის მუნიციპალიტეტში და მე მინდა გულწრფელად მივულოცო პირველ რიგში მოსახლეობას, რომელთაც დაიცვეს ის რეკომენდაციები და ქცევის წესები, რამაც მოგვცა საშუალება მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე. მე არ მაქვს უფლება ასევე გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, ყველა დანაყოფს, ეს იყო ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი, ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი მასშტაბის და მათ შორის მცირეც, თუმცა ბევრი რთული სიტუაცია იმართა შეუფერხებლად. მინდა პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროებს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, პირველ რიგში ჯანდაცვას, ჩვენს ექიმებს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ თანმიმდევრული პოლიტიკისთვის, რამაც მოგვცა ამის საშუალება და მოვედით აქამდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც გავრცელდება შემსუბუქება საკარანტინე რეჟიმების, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად. კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგანგებო რეჟიმის ფარგლებში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 701 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.