საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება

720

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველა შეზღუდვის მოხსნას არ გულისხმობს. მას არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში 22 მაისის შემდეგ.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.