თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.
მიღებული განაცხადები დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. დამატებითი ინფორმაციის მიღება თვითდასაქმებულებს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი, დახლოებით, 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა აღნიშნული კომპენსაცია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.