ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევა გახდა.
პოლიცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა. მოქმედებს სპეციალური ზომები – ამ სოფლიდან გასვლა და ადგილზე შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ნებართვები კი სურსათის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით გაიცემა.
სოფელ გეტაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.