საქართველოს მთავრობამ დღეს სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა.
ფერმერების მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
„პირველი ეს არის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდა სამელორაიცო გადასახადის გათავისუფლების სახით. მათ ჩამოეწერათ, როგორც წინა წლების 2020 წლამდე არსებული დავალიანება, ასევე მიმდინარე წლის, 10 ჰექტრამდე მეურნებობებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის საფასური. მეორე აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა, ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია ეს პროექტი მომავალ წლებშიც იარსებებს, რათა გაძლიერდეს ფერმერების შესაძლებლობები, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ კონკურენტუნარიანობასთან, რათა თავიანთი მეურნეობების მოდერნიზება და გაფართოება შეძლონ. პირველი ეს უკავშირდება მექანიზაციას, რომელიც ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია, ასევე აუცილებელი ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობების წარმოებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტავს, რომ საუბარია მცირე მექანიზაციაზე, 100 ცხენის ძალამდე მქონე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მეურნოებაში.
„აქ ჩვენი თანადაფინანსება არის 50 პროცენტიანი და მაქსიმუმი გრანტი ფერმერებისთვის შეიძლება, იყოს 50 000 ლარი. ასევე ეს არის მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსება, პირობები იგივეა – 50 პროცენტი და 50 000 ლარამდე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არამხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზებას, განახლებას, ხშირ შემთხვევაში გაფართოებას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აცხადებს დავითაშვილი.
ამასთან, მინისტრის თქმით, მესამე კომპონენტი უკავშირდება ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას – თანადაფინანსება 50 პროცენტი და გრანტი არაუმეტეს 50 000 ლარისა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ფერმერებს მივეცით საშუალება ფაქტობრივად უფასო საბრუნავი საშუალებებით ისარგებლონ. ასევე სახელმწიფო აძლევს საშუალებას, ისარგებლონ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარებით, რომელიც უკავშირდება წარმოების საშუალებებს, მათ შორის სათეს მასალას და ყველა იმ აგროქიმიკატს, რომელიც სჭირდება წარმოებაში, ანუ სასუქებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ასევე ძირითად საშუალებებზე წვდომა და ეს წვდომა საგრანტო დახმარებით უმარტივებს პირობებს ჩვენს ფერმერებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე პირობებში მათ შეძლონ ერთწლიანი როგორც ბოსტნეული, ისე მარცვლოვანი კულტურების წარმოება“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, მხარდამჭერი პროგრამა კოოპერატივებისთვის დამატებით შეღავათსაც ითვალისწინებს. კოოპერატივებს შეუძლიათ, მიიღონ არაუმეტეს 500 000 ლარამდე გრანტი.
12 მაისს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.