რიჟვაძე: აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში უფასოდ განახორციელებს ხვნა-თესვის პროგრამას

1313

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს,რომ ხელისუფლება უკვე ეხმარება ფერმერებს და რეგიონში უფასოდ ამუშავებენ სახნავ-სათესს მიწებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მთავრობის თავჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და მათ კრიტიკას გამოხტომას უწოდებს.

”მაგათი გამოხტომები ახალ მწვერვალებს იბყრობს, ადრე თუ ჩვეულებრივი შარლატანები იყვნენ ახლა კოპლებიანი შარლატანები არიან. “‘

ფერმერების საკითხზე კი ამბობს,რომ: “ცენტრალური ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში ის გლეხი, რომელიც ფლობს დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მიიღებს შესაბამისს სუბსიდიას. ასევე აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში უფასოდ განახორციელებს ხვნა-თესვის პროგრამას და აჭარაში არცერთი გლეხი არ დარჩება სასოფლო სამეურნეო მიწის დასამუშავების გარეშე და ეს განხორვიელდება უფასოდ.”

12 მაისს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პროგრამით ყველა ფერმერი ისარგებლებს და მათთვის ეს უფასო იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.