ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება

537

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

ახალციხის ცხოველების ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.

„ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად,“- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.