1 ივლისიდან ახალციხის ბაზარში შესვლა ერთი ლარი ეღირება. ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ტრანსპორტის შემცირების მიზნით მიიღეს. შესვლა ფასიანი მხოლოდ ავტომობილებისათვის იქნება, ქვეითად მოსიარულეები გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„იმდენი მანქანა მოძრაობს შიდა ტერიტორიაზე, რომ ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით რთული კვირა დღეა, დამატებით ადამიანების დაქირავება მიწევს, ტერიტორიაზე მოძრაობა რომ დაარეგულირონ. ტაქსები წრეზე დადიან კლიენტი რომ ნახონ. ასე ქვეითად მოსიარულეებსაც უშლიან ხელს, ამიტომ კარგი იქნება თუ ტაქსების ნაცვლად საქალაქო ტრანსპორტი ივლის, ადრეც ასე ხდებოდა“, – ამბობს ბაზრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი.
მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან თავად მოვაჭრეებიც. მათი თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე მოძრავი მანქანები მყიდველსაც და გამყიდველსაც ხელს უშლის.
„კარგია, რადგან მანქანებით უაზროდ შემოდიან და გადიან, არც ხალხს ერიდებიან, არც დახლს, უსაფრთხოებისთვისაა ეს ყველაფერი და მგონი ლარიც დიდი თანხა არ არის“, – ამბობს მოვაჭრე, ზურაბ ჩადუნელი.
ჩადუნელს ეთანხმება, თენგიზ ვარდიძეც, იგი ხილ–ბოსტნეულს ბაზრის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ყიდის, „ყველაზე ცუდი ის არის, რომ მანქანები ზედ დახლებზე მოდიან, გამონაბოლქვი და ნაგავია. ჩვენი პროდუქცია ბინძურდება, რა საჭიროა დახლთან მანქანით მისვლა?!“
მომხმარებლების მხრიდან თანხის გადახდის წინააღმდეგია, ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია „ჯიბეს“ ადმინისტრატორი ნინო ხითარიშვილი. იგი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრი მყიდველს დაკარგავს.
„ჩვენ ძირითადად საბითუმო გაყიდვა გვაქვს, ვისაც ბევრი პროდუქცია უნდა ფეხით ხომ ვერ წაიღებს?! ეს რა თქმა უნდა ვუთხარით ბაზრის ადმინისტრაციასაც“.
მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ბაზრის ადმინისტრაცია გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს. ერთი ლარის გადახდა მოუწევს ყველას, ვინც მანქანით ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შევა. მძღოლი თანხას დღის განმავლობაში იმდენჯერ გადაიხდის, რამდენჯერაც შევა.
ვახტანგ ქართველიშვილი მძღოლებს მანქანების გაჩერებას ბაზრის გარე ტერიტორიაზე მდებარე პარკინგზე ურჩევს, სადაც დგომა უფასოა.