მარნეულის ბაზართან მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი დააყენეს

324

7 ივნისს, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანთან ახლოს, საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს, რომლითაც ტრანსპორტს ამ ტერიტორიაზე გაჩერება ეკრძალება.

რადიო მარნეულთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერების ამკრძალავი ნიშნები დაყენდა, გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ კერძო ტრანსპორტის მძღოლმა ამკრძალავ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და მანქანა მაინც გააჩერა მას საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს.

მარნეულის ბაზართან გაჩერების ამკრძალავი ნიშნების დაყენების შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის მარტში მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულოს შპს „ავტოპარკმა“ მიმართა.

9 მარტს რადიო მარნეულთან საუბრისას „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიოტრიაზე მუდმივი ხალხმრავლობაა, რის გამოც მგზავრებსა და საჯარო ტრანსპორტს საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დაყენება.