შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველესყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებენ ღამის 12:00 საათამდე.
„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ერთმანეთს და იქ, პირბადე უნდა ვატაროთ. ზოგადად, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია კვლავინდებურად რჩება რეკომენდაციად – პირბადის ტარება რეკომენდებულია, რათა ნაკლები რისკი იყოს ვირუსის გავრცელების“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
ღია სივრცეებში კი პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება.