ხარაგაულის სოფელ კიცხში მოქმედმა ბაზარმა ფუნქციონირება პანდემიის გამო შეწყვიტა და მას შემდგომ აღარ გახსნილა. გაჭირვებულ მოსახლეობას ეს მძიმე ტვირთად დააწვა. იმის გამო, რომ საოჯახო მეურნეობებში მოწეული პროდუქტის რეალიზებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივების ნაწილმა წარმოებას თავი დაანება. ამ თემაზე ჩემი ხარაგაული წერს.
დარჩენილი ნაწილი იძულებულია, ზესტაფონის ბაზარში წავიდეს, რაც დიდ დროსა და ფინანსებთან არის დაკავშირებული. კიცხში ბაზარი ყოველ ხუთშაბათ დილას იხსნებოდა და კიცხის ზონის მოსახლეობას ემსახურებოდა.
„მოხუცები ზესტაფონის ბაზარში ვეღარ მივდივართ. ტრანსპორტი ძვირია და შეძლებაც აღარ გვაქვს, – ამბობს კიცხის მკვიდრი მანანა გიორგაძე, – გაგვიღონ ეს ბაზარი, როდემდე შეიძლება იყოს დაკეტილი?!
კიცხში 1961 წელს გაიხსნა აგრარული ბაზარი და მას შემდეგ არ მახსოვს, როდესმე დაკეტილიყოს. ეს საკითხი ჩემს თანასოფლელებს ძალიან აწუხებთ. ამ ბაზრის ფუნქციონირება ჩვენთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია. მივმართავ მათ, ვისაც ეს შეუძლია – გთხოვთ, აღადგინოთ!“
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე მათგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
„პროგრესის მაგივრად ცხოვრება უკან ხომ არ უნდა წავიდეს? ხალხის კეთილდღეობა თუ სურთ, ამ ბაზარის ფუნქციონირება აუცილებლად უნდა განახლდეს“, – ამბობს პავლე ბერაძე.
მოსახლეობა წუხს ხალხში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ბაზრის ტერიტორიის აუქციონზე გატანა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება მფლობელი; მთავარია, აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლოს.
„ამ ბაზარში პროდუქტის გაყიდვით მოსახლეობა საარსებო თანხას გამოიმუშავებდა. გლეხმა თუ რაიმე არ გაყიდა, აბა როგორ უნდა იარსებოს? – კითხულობს კიცხელი დავით გიორგაძე, – ზესტაფონში რომ წაიღოს, თანხის ნახევარი მგზავრობას სჭირდება.
გარდა ამისა, ზესტაფონიდან აქ მოვაჭრეები მოდიოდნენ და შედარებით შეღავათიან ფასებში მოსახლეობის პროდუქტებს იძენდნენ. ბაზარი დილის 6 საათზე იხსნებოდა. ამის შემდეგ მოსახლეობა სახლებში ბრუნდებოდა და სხვა საქმეებსაც ასწრებდნენ. ბაზრის ამოქმედება აუცილებელია.
თუ საჭიროა, ვისაც როგორ შეგვეძლება, ამ საქმისთვის ყველა ერთად დავდგებით, ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც. ადგილობრივ ხელისუფლებას, არა მგონია, რაიმე ბერკეტი ჰქონდეს. ბაზარს ხელის შევლება და შელამაზება სჭირდება, რადგან ანტისანიტარიაა“.