„ევროპული საქართველო“ ახალციხეში მერობის კანდიდატად ზურა სადათიერაშვილს განიხილავს. ინფორმაციას პარტიაშიც ადასტურებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურა ჩილინგარაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პარტიები საერთო კანდიდატს დაასახელებენ.
„ჩვენი კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი იქნება, მაგრამ რა შეთანხმებას მივაღწევთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მას შემდეგ ან დავასახელებთ, ან ვიღაცას მოვეხმარებით, ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი. თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება ვერ მოხდა, იგი ჩვენი პარტიული კანდიდატი იქნება. გახმაურებული გამოსვლის შემდეგ ოცნებიდან, რაღაც–რაღაცეები შეიცვალა და მიმდინარეობს ახალი კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ერთ კვირაში აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და შემდეგ კანდიდატების დასახელება“, –აცხადებს იგი.
ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკების პროცესისადმი პოზიტიური მოლოდინები აქვს თავად ზურა სადათიერაშვილს. იგი ამბობს, რომ საუბარი მისი მერობის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე ჯერ ნაადრევია და ვერაფერს იტყვის.
„ზოგადად კონსულტაციები ჩვენი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს. ვინ იქნება დასახელებული და როდის დასახელდება ჯერ არ ვიცი. სასურველია, რომ შედგეს შეთანხმება პარტიებს შორის საერთო კანდიდატის დასახელებაზე. თბილისში შედგა, ვფიქრობ აქაც შედგება“, – აცხადებს ის.
„ლელოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჯუმბერ ინასარიძის განცხადებით, პარტიაში გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
,,გადაწყვეტილება თბილისში იქნება მიღებული. შეიძლება ყველამ ერთად მოვილაპარაკოთ (პარტიებმა), შეიძლება ყველამ ცალკე დააყენოს კანდიდატურა. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ცალკე უნდა დააყენოს კანდიდატურა და მეორე ტურში ვინც გავა იმას უნდა დაუჭიროთ მხარი“, – ამბობს ჯუმბერ ინასარიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დათო ბალიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კანდიდატის შერჩევა და მსჯელობა მიმდინარეობს, რაზეც განცხადებას პარტია მალე გააკეთებს.
„ქართულმა ოცნებამ“ თანაპარტიელებს სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები უკვე წარუდგინა, მოქმედი მერებიდან ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ ორი, ნინოწმინდისა და ასპინძის იქნება. ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალქალაქში მმართველი გუნდის სახელით გამარჯვებისთვის ახალი სახეები იბრძოლებენ.