ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა განაახლა

501

ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა განაახლა. ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, ბაზარში სავაჭრო პროცესი დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

ბაზრის შესასვლელშივე მობილიზებული პერსონალი, ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგს ახორციელებს.

მოქალაქეებისათვის აუცილებელი ვალდებულება პირბადის ტარება და შემოსვლისთანავე ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავებაა.

შენობაში გაიმიჯნა შესასვლელი და გასასვლელი ადგილები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, ავტომანქანებისთვის გამოიყო პარკირების ადგილი.

ტერიტორიაზე ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბაზარში ასევე ქალაქში არსებულ მაღაზიებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური.

სპეციალისტების მიერ ობიეტების შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.