„მდინარეში, ცხოველების ნაწლავებიანად, ყველა სახის ნაგავს ყრიან“ – რა ხდება ოზურგეთის ბაზარში

734

31 მაისს, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის და ე.წ. ბაზრისწყალის შესართავის  ტერიტორიიდან, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, დილიდან გამოჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ნაგავი. მათ ბჟუჟის მიმდებარე კალაპოტის გაწმენდას, თითქმის, მთელი დღე მოანდომეს. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს.

აქ ოზურგეთის ბაზრის (პირობითად ეძახიან ტერიტორიას, სადაც შპს „სოფლის ნობათი“ და ასევე ბევრი კერძო მაღაზიაა განთავსებული) ხელმძღვანელთა მისამართით საყვედურები ისმოდა იმის გამო, რომ ყოველდღიურად ნაგავს წყალში ყრიან.

“რა სახის ნაგავს არ ყრიან ბაზრის ტერიტორიიდან წყალში. აგრარული კულტურების ნარჩენები, დამტვრეული ყუთები, საყოვაცხოვრებო ნაირ-ნაირი ნაგავი, ცხოველების ნაწლავებიანად, რას არ ყრიან ამ პატარა მდინარეში, რამდენს უძლებს. მერე ჩააქვს ბჟუჟში და არის საშინელი სანახაობა. იქ კლავენ და ასუფთავებენ გოჭებს, ასევე შინაურ ფრინველსაც. მერე პირდაპირ წყალში ყრიან. რამდენჯერ გავაფრთხილეთ, ვეუბნებით, მაინც არავის ესმის. არაფრის გამო, ელემენტარული წესრიგის დაცვა ხომ ყველას შეუძლია? ახლა მაინც არსებობს ურნები ქალაქის ტერიტორიაზე და ყველას შეუძლია, იქ გაიტანონ. ყოველთვის ასეთი ამბავია”, – განაცხადა დასუფთავების სამსახურის უფროსმა თენგო ქუტიძემ.

მალე ადგილზე იმყოფებოდა შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორი, სოსო სიხარილიძე. მან დაათვალიერა დანაგვიანებული მდინარის სანაპირო, სადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნაგავს აგროვებდნენ.

“ჩვენთან, კონკრეტულად „შპს „სოფლის ნობათის“ თანამშრომლები მდინარეში ნაგავს არ ყრიან. ბაზრის ტერიტორიაზე არის ბევრი კერძო მაღაზია. ასევე ხდება შინაური ცხოველების და ფრინველების დაკვლა. ისინი ცალკე ინდმეწარმეები არიან. ყველამ თავად უნდა მიხედოს თავის საქმეს, – განაცხადა სიხარულიძემ.

თუმცა, ეს მაღაზიები, კერძოა თუ კონკრეტული ინდმეწარმეები არიან, ყველა მდებარეობს და საქმიანობს ამ ბაზრის ტერიტორიაზე. კითხვაზე, ევალებათ თუ არა ამიტომ მეთვალყურეობა მათ, სოსო სიხარულიძე აცხადებს, რომ მას მხოლოდ გაფრთხილება შეუძლია და დაგვპირდა, რომ მისვლისთანავე ყველას მისცემდა მითითებას, როგორც ყოველთვის.

“გურია ნიუსი“ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გურიის განყოფილების ხელმძღვანელს, ვალერიან ჯინჭარაძესაც დაუკავშირდა:

ბატონო ვალერი, თქვენთვის თუ არის ცნობილი, როგორ არის დაბინძურებული მდინარე ბჟუჟის სანაპირო და თუ ატარებთ კონკრეტულ ღონისძიებებს მსგავსი თავნებობის წინააღმდეგ?

“თქვენგან გავიგე ახლა ეს და სასწრაფოდ გავუშვებ ჯგუფს, რომ გადაამოწმონ, რა ხდება. გეტყვით იმასაც, რომ მორიგე ჯგუფი ხშირად გავა და აუცილებლად დავაჯარიმებთ, ვინც დაიმსახურებს, მსგავსი შემთხვევის გამოვლინების დროს – განუცხადა ჯინჭარაძემ “გურია ნიუსს”

“ამასობაში კი, კარს ზაფხული მოგვადგა და მოახლოებული ტურისტული სეზონის წინ, ჩვენი გარემო კვლავ დაბინძურებულია, მდინარეთა სანაპიროებზე სავალალო მდგომარეობაა.

„გურია ნიუსი“ თემაზე მუშაობს და მალე ვრცლად შემოგთავაზებთ, რა ხდება ოზურგეთში გარემოს, კონკრეტეულიად მდინარეთა თუ ტყის და გზის ნაპირების გასწვრივ. ამ სივრცეში, სამწუხაროდ, ნამდვილად არ გვაქვს საქმე თვალის და გულის გასახარად”, – წერს გამოცემა “გურია ნიუსი”.