დავითაშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინტერესი და პოტენციალი არ არის

607

სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, უცხოელებისთვის მიწების გასხვისების ნაწილში პოლიტიკის შერბილება მოგვიწიოს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქარათველოს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის 90%-ზე მეტს 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოუდგენელია.

„ჩვენი მიდგომა ამ ნაწილში არ შეცვლილა, ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში ავსახეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ უცხოური მსხვილი ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში. ძალიან დიდ ინტერესს და პოტენციალს ვხედავთ, უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოსვლის კუთხით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადამამუშავებელ, სასურსათო მრეწველობას და ა.შ. თქვენ იცით, როგორია ჩვენი სასოფლო სამეურნეო სტრუქტურა, დაახლოებით 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს 90%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში აქ უცხოური პირდაპირი ინვესტიცია წარმოუდგენელია. რეგისტრაცია ფერმერებს აძლევს საშუალებას, იყვნენ ჩვენი რეალური პარტნიორები და გამსხვილდნენ, მათ შორის კოოპერაციაში რეჟიმში,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.