რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები იმისთვის, რომ მთავრობის დახმარება მიიღონ

841

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები იმისთვის, რომ მთავრობის დახმარება მიიღონ.

„ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში, ეს არის ჰექტარზე 200 ლარის შეღავათი და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ. ასევე, ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ისინი მიიღებენ შეღავათს დიზელზე, ანუ შეთავათიანი პირობებითა და ფასით მიიღებენ დიზელს, რომელზეც დეტალური პრეზენტაცია ამ კვირის განმავლობაში გვექნება, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც მინიმუმ 50 თეთრზე მეტით განსხვავდება არაბრენდირებული საწვავის მიმწოდებელი დისტრიბუტორებისგან, მაგრამ საბითუმო ფასებთან შედარებით, საბითუმო შეძენის შემთხვევაში თითქმის ლარით არის სხვაობა საწვავის გასამართ პუნქტებთან მიმართებაში. აქ არის 150 ლიტრის კვოტა, აქ უკვე ფერმერები მიიღებენ მაქსიმუმ 15 000 ლიტრს 100 ჰექტრის ოდენობით, თუმცა ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ 200, 300, 400 ან უფრო მეტ ნაკვეთსაც, ისინი მაინც სარგებლობენ 100 ჰექტრის შეთავათით“, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.