სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.
მისი თქმით, ფერმერები, რომლებიც „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ფლობენ, დამარების მისაღებად ამ ბარათს გამოიყენებენ, ხოლო ის, ვინც რეგისტრირებული მიწას ფლობს, თუმცა აღნიშნული ბანკის ბარათით არ სარგებლობს, ბანკი შესაბამის ბარათს ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის.
„ჩვენ გვქონდა ამის პილოტი, როდესაც დონორებისგან მივიღეთ გარკვეული თანხები, როდესაც სეტყვით დაზარალებული ფერმერები გვყავდა. იყო კრიტიკული სიტუაცია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში. ჩვენ მაშინ განვახორციელეთ ეს საბანკო ბარათების მეშვეობით. ამ შემთხვევაში გვეყოლება მომსახურე ბანკი, რომელიც ყველაზე უფრო არის რეგიონებში წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიბერთი ბანკი“. „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ვიც ფლობს, ის გამოიყენებს ამ ბარათს შეღავათის მისაღებად, ხოლო ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ რეგისტრირებულ მიწას და ფერმერთა რეესტრშიც დარეგისტრირდებიან, მაგრამ არ აქვთ ასეთი ბარათი, ერთი თვის განმავლობაში ბანკი მიაწვდის ასეთ ბარათებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.
გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.