ლევან დავითაშვილი: ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1700 ლარამდე შეადგენს

711

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1700 ლარამდე შეადგენს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, დახმარებას 200 000 ოჯახი მიიღებს, თუმცა მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ფერმები დაარეგისტრირებს მიწას და უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება პროგრამაში.

„პირდაპირ დახმარებას, რომელსაც ფერმერი იღებს, აგრობარათის, აგროდიზელის, სამელიორაციო გადასახადის შეღავათით თუ საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების კუთხით, ერთ ჰექტარზე შეადგენს 850 ლარიდან 1700 ლარამდე. 850 ლარიდან 1700 ლარამდე გამოდის შეღავათი როგორც საპროცენტო თანადაფინანსების, ისე პირდაპირი დაფინასნების კუთხით. ეს არის პირდაპირი დახმარება და ამას მიიღებს 200 000 ფერმერი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ფერმერი მოახდენს მიწის რეგისტრაციას, ჩაერთვება პროგრამაში და უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება. 200 000 ფერმერის უკან რა თქმა უნდა, დგას ოჯახის წევრები და ეს არის 200 000 ოჯახისთვის დახმარება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.