ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

1081

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული  გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, პროგრამა საყოველთაოა და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მისი ინფორმაციით, აგროწარმოების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ტექნიკის შეძენის, სასათბურე მეურნეობის მოწყობის და საირიგაციო სარწყავი სისტემების თანადაფინანსება.

„ეს პროექტი არ არის რეგიონების ჭრილში შეზღუდული, არ არის კულტურების ჭრილში შეზღუდული, ეს უფრო მეტად საყოველთაოა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია. ამისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. ეს არის ყველაფერი ის, რაც ფერმერს სჭირდება საწარმოო საშუალებების კუთხით იმისთვის, რომ მან სწორად და თანამედროვედ განახორციელოს სოფლის მეურნეობის საქმიანობები, იყოს მეტად კონკურენტუნარიანი იმიტომ, რომ კონკურენტუნარიანობისთვის მას სჭირდება სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა სასოფლო – სამეურნეო მექანიზაციაზე, რომ კერძო სექტორში არსებობდეს სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ჩვენ ახლა მცირე მეურნეობებისთვის გავაჩინეთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, ეს არის 50% და მაქსიმუმ 50 000 ლარი. ასევე ვიცით, რომ სასათბურე მეურნეობებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის გვაქვს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი დახმარებაა ასევე საირიგაციო თანამედროვე სარწყავი სისტემების თანადაფიანანსება. ეს შეიძლება იყოს როგორც დამასხურებელი, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ეს არის ის ძირითადი საშუალება, რომელიც ერთწლიანი კულტურების თანამედროვე პირობებში წარმოების უფლებას მოგვცემს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერებს ასევე საშუალება მიეცემათ, სარწყავი სისტემების მონტაჟი განახორციელონ. მისივე თქმით, ამ პროგრამის ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში მრავალწლიანი კულტურების განვითარებას უწყობს ხელს, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ არის მეურნეობები, რომლებსაც სჭირდებათ გათანამედროვეობა და ამისთვის სჭირდებათ თანამედროვე სარწყავი სისტემების მონტაჟი. იქ, სადაც დღეს ეს შესაძლებლობა არ არის და არ არის სახელწმიფო პროგრამებით დაფინანსებული, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ასეთ სარწყავი სისტემები მოაწყონ, რაც ჩვენი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. აქ ჩვენ შესწავლილი გვაქვს ბაზარი და ჰექტარზე ფასი მოცემულია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, ეს არის არაუმეტეს 2 500 ლარი, მაგრამ მთლიანად პროექტის ბიუჯეტი ეს არის 13 მილიონი ლარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარებისთვის,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.