პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქართული პროდუქტები შეიძინონ. ამის შესახებ მან სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არცერთი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.
„აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ამ პროგრამის მიზანი. შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით და გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი, ქვეყანაში სხვაობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც სულ უფრო ხარისხიანი ხდება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.