ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ, – ამის ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.
„ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა. ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, წლის ბოლომდე რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რომ გახსნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.