საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ, – ამის ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, იმ ფერმერებს, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს.
მისივე ინფორმაციით, ამისთვის ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.
„დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით, ეს იქნება გრანტი. ეს ყველაფერი მოქმედებაში შევა და ფერმერებს შეეძლებათ, მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო “, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.