ბოლაჯურში მცხოვრებლები მიწის ნაკვეთის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებენ

446

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებლები აქციას მართავენ, ისინი სოფლის მიმდებარედ 288 351 კვ მეტრის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით სოფელში არცერთ მოსახლეს საკმარისი მიწა არ აქვს, სახელმწიფო კი ათობით ჰექტარ სახნავ–სათესს კერძო პირს აძლევს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მათი გაღიზიანება. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავენ სასამართლოს მიმართონ.

მოსახლეობა სოფლის შესასვლელშია შეკრებილი, სწორედ აქ მდებარეობს ის მიწა, რომელიც კერძო პირს გადაეცა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს დეპუტატი და სოფელში მერის წარმომადგენელი.

“90–იანი წლებიდან დავაა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. შევალთ ამ ნაკვეთში და უკან გვაგდებენ. ამჯამად ჩვენმა სოფლელმა შეისყიდა ნაკვეთი. გუშინ ვესაუბრეთ და გვითხრა 4.70 ლარი მაქვს გადახდილი კვადრატულ მეტრში, მომეცით და თქვენ გადმოგცემთო.  სოფელს ამ ადამიანთან არ გვაქვს დავა. ჩვენ პასუხს ვითხოვთ ხელისუფლებისგან. აქამდე იყო ეკონომიკის სამინისტროსი, მოვიდეს მისი წარმომადგენელი და აუხსნას ამ ხალხს, როგორ გადაეცა კერძო პირს. სოფელი ითხოვს გვერდში დგომას და მიწების განადაწილებას თითოეულ კომლზე. ამ ხალხს სრული ნორმა არ აქვს 1.25 ჰექტარი უნდა ჰქონდეს და აქვთ 90 მეასედი. რაც საჭირო იქნება სოფლის მოსახლეობა იმას გააკეთებს. თუ მინისტრი იქნება საჭირო იმას მოითხოვენ, თუ პრემიერი  გახდა საჭირო, იმას მოითხოვენ”, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი გიორგი ქიმაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული ნაკვეთები 300–მდე ოჯახს ჰქონდა გადანაწილებული და ამუშავებდნენ.

“ვისაც გადაეცათ ივანიშვილის ხალხია. საწყობი გაუკეთეს, საწყობი მისცეს. ეს მთავრობა ხელისუფლებაში რომ მოვიდა დაგვპირდა სამუშაო ადგილებს შევქმნითო, კი არ შექმნეს წაართვეს. 90 მეასედი აქვს თითო ოჯახს  სახლი ზედ უდგია, ბოსელი, ავტოფარეხი და ბოსტანი. ეს როგორ უნდა ეყოს სათიბად, მოსავლის მოსაყვანად. რა გაყიდოს?! რითი არჩინოს ცოლ–შვილი?! პარლამენტის დადგენილებით 1,25 ჰექტარია. ჩვენ კი არ გვაქვს საკმარისი. მთელი სოფელი ვიყენებდით, გადავინაწილეთ 800–800 მეტრად და ვსაზრდოობდით. ეს კერძო პირს გადასცეს და ჩვენ რიყეები დაგვირიგეს თივაც, რომ არ მოდის. წლებია ვდავობთ, ხელმოწერებიც შევაგროვეთ მაგრამ მოატყუეს ხალხი”, – ამბობს ბოლაჯურში მცხოვრები ოთარ ქიმაძე.

მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, მოსახლეობა მიწის ნაკვეთის გადასაცემად დავას სამართლებრივი გზით იწყებს.

“ეს არის სახელმწიფო მიწა და გადაწყვიტა ისე განეკარგა, როგორც განკარგა ეხლა. გადაეცა ინვესტორისთვის ინვესტიციის განსახორციელებლად. მე როგორც მაქვს ინფორმაცია აქ მრავალწლიანი ნარგავების დარგვას გეგმავენ. მე აქტიური შეხვედრები მაქვს მოსახლეობასთან. ეს პრობლემა წლებია დგას ამ სოფელში. იბრძვის ხალხი, ისინი სამართლებრივი გზით ეცდებიან ეს მიწა დაიბრუნონ. ეს კი ჩემს კომპეტენციას ცდება. ამ ეტაპზე ეს მიწა კანონიერადაა განკარგული, მაგრამ ხალხი ამბობს, თუ უფასოდ არ გვაძლევენ ჩვენ შევისყიდით და გადავინაწილებთო, ამ ეტაპზე ეს არის მათი მოთხოვნა”, – ამბობს გოჩა ქიმაძე.

“სამხრეთის კარიბჭე” ნაკვეთის მფლობელს, ჯაბა ჩხიტუნიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ახლა არ ცალია და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.