პრეზიდენტი ღარიბაშვილზე: პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი

701

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში “სრულად შეშფოთებულია” და რომ გამოსვლა სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა – იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში.

რაც დავინახეთ პარლამენტში არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა – თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც მოსმენების შეახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება გამოაცხადა.  

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მოსმენების შესახებ კანონს “პოლიტიკური ვეტო” დაადო.

“დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, ამდენად ადამიანების უფლებების შეზღუდვას, ვიყენებ იმიტომ რომ ეს იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები. ვიცი ეს დაძლეული იქნება, და არ შეცვლის შინაარსობრივად. ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი რატომ ვდებ ვეტოს – ეს პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი, არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელი”, – თქვა ზურაბიშვილმა.