კალაძე ჟურნალისტებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს: საქართველო კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა? – იმსახურებდა, მაგრამ დაისაჯა

418

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის ყველა ასპექტში წარმატებული იყო, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ გაატარა წარმატებული იყო და მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.

„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ეს ყველაფერი მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, საზოგადოებასთან ერთად გააკეთა. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ.

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?“, – განაცხადა თბილისის მერმა.