ღარიბაშვილი: ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც… , კაცმა [ივანიშვილი] იშოვა თავისი ნიჭით სხვა ქვეყანაში, ჩამოიტანა, დახარჯა

492

ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ისაუბრა. მისი აზრით რომ არა ის, ოპოზიცია “აქ გააკეთებდა მეორე მარიუპოლს და გაწირავდა ქვეყანას”. ღარიბაშვილის აზრითვე, ივანიშვილმა ფული სხვა ქვეყანაში ნიჭით იშოვა და შემდეგ საქართველოში დახარჯა. პრემიერმინისტრმა ოპოზიციას განუმარტა, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი:

“ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც…სასწაულია პირდაპირ ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი – ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავის ნიჭით, ჩამოტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები…ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში დაგამარცხათ, გაგყარათ პოლიტიკიდან თქვენი დამნაშავე რეჟიმი, ეს ვერ აგიტანიათ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ოლიგარქებად მოიხსენია ყველა, გარდა ივანიშვილისა – მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ყველა მათგან “ხალხის ძარცვაში” დაადანაშაულა.

„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით. სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ს ქონება აქვს სააკაშვილის დედას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და თქვენი პარტიაა მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა, მე რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია. დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით.

„ვინ არის დავით კეზერაშვილი – დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას „მთავარს“, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, აფინანსებს მათ ხელფასებს და ა.შ. ბატონი კეზერაშვილი მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის უჩნდება, მათ შორის EPP-ის სამას დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი, გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მან კარგად იცის, რას ვიტყვი. ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით.

კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე? კითხვა არ გიჩნდებათ მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენ ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილტდი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას ერთი მილიარდი დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს. კეზერაშვილის კომპანიას ერთი მილიარდის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ, თითოს დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა, მივმართო თქვენს ლობისტებს – როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.