ღარიბაშვილი: გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი წყალტუბოში

478

წინა სტატია

საქართველოს მთავრობას წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის – “წყალტუბოს ახალი სიცოცხლის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი გეგმაა, დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. ეს ჩვენი მმართველი ძალის დაპირებაა. ყველა საკითხი – წყლის პრობლემა, გენერალური გეგმის პრობლემა მოგვარებულია და ახლა უკვე გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, 50 მლნ ლარს შეადგენს.

ჩვენი მოლოდინია, რომ წყალტუბოს აღდგენისთვის 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება. ეს იქნება კერძო ინვესტიცია და დამატებით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ასე ვთქვათ სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ასე ვთქვათ ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,“ – აღნიშნა პრემიერმა.