11 მაისს ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა. მოვაჭრეების ნაწილმა დახლზე სარეალიზაციოდ პროდუქცია უკვე გამოიტანა, მაღაზიების ნაწილი კი დღეს ისევ დაკეტილი იყო.
ბაზარში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ. შენობის შესასვლელთან ჯერ-ჯერობით დეზობარიერი დამონტაჟებული არ არის. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია შენობაში შესულ პირებს ჰქონდეთ პირბადე და ხელთათმანი.
ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს.
”აგრარული ბაზრის შიდა დახურული სივრცე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია არის დაცული, რაც ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. თუ კი იქნება დარღვევა და ის რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა დაიხურება. შესაბამისად მოვუწოდებ ყველა ბაზარს დახურულ სივრცეებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ბაზარი მუდმივი ზედამხედველობის და მონიტორინგის რეჟიმში იქნება. ახლა გახსნილია მხოლოდ სასურსათო ობიექტები, ის ნაწილი, რომელიც არ არის ტანსაცმლის. მომდევნო ეტაპზე გაიხსნება ყველა ის მაღაზია რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და აქამდე იყო დაკეტილი” – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა არც შეჩერებულა. მოქალაქეები პროდუქციას ღია დახლებზე ყიდდნენ.
საქართველოში არსებული 90-მდე აგრარული ბაზრიდან ექსპლუატაციაში მხოლოდ 47 შედის. დანარჩენები ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააგრძელებენ. თუ არ იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია შესაძლებელია ბაზრები ისევ დაიხუროს.
ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს დეზინფექცია ჩაუტარდება. რეკომენდაციების შესრულებას ინსპექცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებს.
ბათუმის აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.
2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.