თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, მათთან ყველაზე გვიან მოიხსნება.
ქორიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრციდან ვლინდება, შეზღუდვების მოხსნასთან დაკაშირებით, ჯერ საუბარი არ არის.
„54 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დღეს 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა. ეს შემთხვევები საკარანტინე სივრცეებიდანაა. აღნიშნული პირები ინფიცირებულების – ექთნისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან. ექთნები გადავამზადეთ და ჩვენ თვითონ დავიწყეთ ტესტების აღება. გუშინ, 15 საკვლევი მასალა ავიღეთ, ლუგარში გადავაგზავნეთ და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდა. PCR ტექნოლოგიით სულ ჯამში 308 ანალიზი გვაქვს აღებული, კარანტინში 46 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 40 პირი. დღეს დამატებით, 13 პირის ტესტირებას ვგეგმავთ. დღევანდელი დღის მონაცემებით რაონის მასშტაბით თერმოსკრინინგი 12182 ადამიანს ჩაუტარდა და რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ჩვენთან მოიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრცეში ვლინდება, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ქორიძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.