პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის.
როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებათა პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მიიღებენ.
„თითქმის საბოლოო პროექტი არის უკვე მზად. უახლოეს დღეებში დაზუსტდება უკვე პროექტის შინაარსი და როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იქიდან 2 დღეში შეგვიძლია დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ივნისის ბოლოს, ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება,“- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრევენციული ზომა მიიღო იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ემუქრება, თუმცა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, თუ ასე მოხდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ისინი საზოგადოებას ემუქრებიან, თუმცა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ. თუ იქნება პროცესი ისე წარმართული, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ შეასრულონ ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ,“- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც საერთაშორისო პარნტიორების მონაწილებით გაიმართა, კონკრეტული გვარები იყო გაჟღერებული, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხი ყოველ ჯერზე ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი.
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.