კობახიძე: პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

805

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე განმარტებები გაკეთდება და ასევე, იქნება კითხვა-პასუხის საშუალებაც.

„რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვას, როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმედია, რომ მალე მოხდება ეს, 22-ში იქნება თუ იქიდან ორ კვირაში, ამას მომავალი დღეები გვიჩვენებს, თუმცა, ყველა შემთხვევაში გვაქვს საკმაო დროს იმისთვის, რომ ჩავატაროთ საყოველთაო სახალხო განხილვა. ბუნებრივია, მოდიფიცირებული ფორმატით ჩატარდება განხილვა, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ და სავარაუდოდ, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, კითხვა-პასუხის საშუალებაც იქნება, თუმცა სავარადოდ ეს იქნება სატელევიზო ფორმატი იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ანუ ამ ფორმატში შედგება ორი შეხვედრა და განმარტება გაკეთდება საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე საზოგადოების წინაშე, შემდეგ როდესაც ამოიწურება საყოველთაო სახალხო განხილვის ვადა, იქიდან დაახლოებით 9-10 დღეში შეგვიძლია ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანუ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაკეთდება ეს ყველაფერი”, – განმარტა კობახიძემ.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.