ქობულეთის ოთხ სოფელში, რომელიც კარანტინის გამო ჩაკეტილი იყო, მიმოსვლა აღდგა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლეღვა, წყავროკა, გვარასა და მუხაესტატეში გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი და იქ არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, 12 აპრილის შემდეგ აღნიშნული სოფლები ჩაიკეტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. მკაცრი იზოლაციის პირობებში 550 ადამიანი ცხოვრობდა.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, სულ მუნიციპალიტეტში 33 ათას მცხოვრებს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. სოფლების მოსახლეობას პერიოდულად მიეწოდებოდა სურსათი, მედიკამენტები და ასევე დახმარებას უწევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს.
ამასთან, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული სოფლების ყველა მცხოვრებს უფასოდ მიწას დაუმუშვებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.