მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქობულეთის საგუშაგოებზე II ქვეითი ბრიგადის მეთაური, იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა.
შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კარანტინის ფარგლებში შეიქმნა დამატებითი სამედიცინო ჯგუფები, დაახლოებით 10 ბრიგადა იყო განაწილებული თერმოსქრინინგისთვის.
ამ დროს არსებული ინფორმაციით, თერმოსკრინინგ ჩაუტარდა 1600-ზე მეტ პირს, ეპიდემიოლოგები კი 305 კონტაქტს სწავლობენ.
ჯამში, ”COVID 19”-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.