ბათუმის საკრებულოში დღეს სხდომა ჩაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით ჩანიშნულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ.
ოპოზიციამ საკრებულოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის განხილვა შესთავაზა და სხდომის მოწვევაც ამიტომ მოითხოვა, თუმცა ქვორუმი არ შედგა.
„დღეს საბოლოოდ დაიცალნენ პასუხისმგებლობისგანაც, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა, მობრძანებულიყვნენ და საჯაროდ ესაუბრათ, ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, აპირებენ თუ არა მათთვის რამე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას, შეღავათებს მათი კომპეტენციის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.
„ქართული ოცნების“ ფრაქციაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურდა, მის მიერ წარდგენილი გეგმა კი, არასრულყოფილია და მასში დუბლირებულია საკითხები, რაც ისედაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამებში.
„გაუმართავი დოკუმენტია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, წარმოდგენილი ე.წ. გეგმის ნაწილი ისედაც არის გათვალისწინებული სამთავრობო თუ მუნიციპალური პროგრამებით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე კი ამბობს, რომ წარდგენილი გეგმა განიხილეს მერიის სამსახურებთან ერთად, თუმცა მასში რაიმე სიახლე ვერ იპოვეს.
„მერიის სამსახურებთან ერთად გავიარეთ საკითხები, რაც იყო წარმოდგენილი, ვიმსჯელეთ 13-ვე მუხლის გარშემო და აღმოჩნდა, რომ მოცემული არაა რაიმე ინიციატივა, რომელიც ასახული არ არის სამთავრობო პროგრამაში ან მერიის პროგრამებში“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის მოსმენას ითხოვს.
გუშინ ითქვა, რომ ბათუმის საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას დღეს განიხილავდა. რიგგარეშე სხდომა ფრაქციის ინიციატივით ჩაინიშნა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და მათ მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვას რამდენიმე დღეა ითხოვს. მათი თქმით, ხელისუფლება არ არის ხალხის პრობლემებით დაინტერესებული და მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, რბილი ავეჯის შეძენითაა დაკავებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.