ბათუმის საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას ხვალ განიხილავს. რიგგარეშე სხდომა ფრაქციის ინიციატივით ჩაინიშნა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაესწრება. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
სულიკო თებიძის განცხადებით, ამ გეგმის საკრებულოს სხდომაზე განხილვა არაკანონიერია. ის “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. იმისთვის რომ სხდომა ჩატარდეს, აუცილებელია 25 დეპუტატიდან 13 წევრის დასწრება. შედგება თუ არა ქვორუმი, ჯერ უცნობია, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” 4 წევრით არის წარმოდგენილი, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია, ერთი კი „პატრიოტთან ალიანსის“ წევრი.
„არაკანონიერია შემდეგი გარემოებების გამო. რამდენიმე მუხლი ითვალისიწინებს ბიუჯეტში ცვლილებებს. ბიუჯეტში ცვლილება კი უნდა მოხდეს მერთან შეთანხმებით. საკრებულო არაუფლებამოსილია. ეს არის მორიგი ხმაური. ბრალდებას, რბილი ავეჯის შესყიდვაზე, არ ვიცნობ და გავეცნობი, რაზეა საუბარი. სხვა კონტექსტში მათი ბრალდებები არის სრული აბსურდი და დეზიინფორმაცია. მერია თვეზე მეტია მუშაობს ბიუჯეტში კორექტირებაზე. გეტყვით იმასაც, რომ საკრებულომ ხელფასის მესამედი მიდის კოვიდფონდში, გარდა ამისა მწირე ბიუჯეტი 60 ათასი ლარით შევამცირეთ. სხდომის ჩატარება ფრაქციამ მოითხოვა. აპარატი სრულ მზადყოფნაშია. მე არ მოვიწვიე სხდომა, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად. ვერც ერთ დეპუტატს ვერ დავავალდებულებ სხდომაზე გამოცხადებას”, – განაცხადა თებიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და მათ მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვას რამდენიმე დღეა ითხოვს. მათი თქმით, ხელისუფლება არ არის ხალხის პრობლემებით დაინტერესებული და მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, რბილი ავეჯის შეძენითაა დაკავებული.