ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. „იუგოსეტპოტრებნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა. ინფორმაციას სპუტნიკ ოსეტია ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა. ინფორმაცია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების სამამდე გაზრდის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.