რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც 30 აპრილს რუსეთიდან ჩამოვიდა.
კოჩიევას განცხადებით, ეს პირი იმყოფებოდა კარანტინში, სადაც ტემპერატურის აწევის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითია. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსში გადაიყვანეს. მარინა კოჩიევას თქმით, იზოლირებულია ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.
ამ დრომდე, ცხინვალის რეჟიმის ცნობით, COVID-19 სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი არ იყო.
აფხაზეთში, დეფაქტო ხელისუფლების ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.