ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა

895

წინა სტატია

ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID 19-ის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რეგიონის ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. შედეგად, ოკუპირებულ რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია.

ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დეფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია.

ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე.

აფხაზეთში, დეფაქტო ხელისუფლების ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.